Tbilisi

Monday, 20 July

22°
Sunny

Hourly Forecast

8 Hours
22°
9 Hours
23°
10 Hours
25°
11 Hours
27°
12 Hours
28°

Wind and pressure

Wind Speed:

24 kph, NNW

Pressure:

101.60 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

23°

22°

NNW

73 %

24 kph

101.60 kpa

16 km

Official course
17 Jul 18 Jul
1 USD 2.6333 2.6327 -0.02%
1 EUR 3.0191 3.0100 -0.3%
100 RUB 3.3776 3.3603 -0.51%
1900 წლის შემდეგ ვენესუელაში ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა - გარდაცვლილია რამდენიმე ასეული ადამიანი
1900 წლის შემდეგ ვენესუელაში ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა - გარდაცვლილია რამდენიმე ასეული ადამიანი

ვენესუელა უძლიერესი სეისმური კატასტროფის ეპიცენტრად იქცა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთმანეთის მიყოლებით, ერთ წუთზე ნაკლებ ინტერვალში ორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რამაც მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. ეს მოვლენა 1900 წლის შემდეგ ვენესუელის ისტორიაში ყველაზე ძლიერ სეისმურ აქტივობად ფასდება.

პირველი ბიძგი, რომლის სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდას შეადგინა, ადგილობრივი დროით 18:04 საათზე დაფიქსირდა. სულ რაღაც 39 წამის შემდეგ კი მას უფრო ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მთავარი მიწისძვრა მოჰყვა.

ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი იარაკუის შტატში მდებარეობდა, თუმცა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იგრძნობოდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქ კარაკასსა და საპორტო ქალაქ ლა-გუაირაში.

ოფიციალური მონაცემები ყოველ საათში იცვლება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ასეულებს აჭარბებს (ბოლო ცნობებით, 235 დადასტურებული გარდაცვლილი), ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4,300-ს აღწევს. სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში ჯერ კიდევ ათასობით ადამიანია მოყოლილი. საძიებო-სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ქვეყნის ყველა შესაბამისი სამსახური.

კარაკასში ჩამოინგრა ათობით საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურული ობიექტი. მძიმედ დაზიანდა სიმონ ბოლივარის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც ფრენები დროებით შეჩერებულია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და წყალმომარაგების სისტემები, რაც ართულებს სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას.

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და დაზიანებული შენობების დატოვების რეკომენდაცია გასცა, რადგან განმეორებითი ბიძგების (აფტერშოკების) საფრთხე კვლავ მაღალია.

კრიტიკულ ვითარებას მყისიერად გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ვენესუელას სწრაფი და ეფექტიანი დახმარება აღმოუჩინოს. მისივე დავალებით, აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებმა შესაბამისი რესურსების მობილიზება უკვე დაიწყეს. ვენესუელაში მიემგზავრებიან ამერიკული სამძებრო-სამაშველო ჯგუფები. ჰუმანიტარული დახმარების, მაშველებისა და მედიკამენტების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვეს რეგიონის სხვა სახელმწიფოებმაც, მათ შორის სალვადორმა, ეკვადორმა, ბრაზილიამ და მექსიკამ.

ვენესუელა სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, რადგან მისი ჩრდილოეთი ნაწილი კარიბისა და სამხრეთ ამერიკის ტექტონიკური ფილების შეჯახების რთულ საზღვარს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ისტორიულად მიჩვეულია მიწისძვრებს, 2026 წლის 24 ივნისის ორმაგი დარტყმა თავისი სიმძლავრითა და დესტრუქციული შედეგებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
რაჭაში მიწისძვრა დაფიქსირდა
რაჭაში მიწისძვრა დაფიქსირდა
ჩინეთში სტიქია გრძელდება - წყლით დაფარული ქალაქები და მასობრივი ევაკუაცია
ჩინეთში სტიქია გრძელდება - წყლით დაფარული ქალაქები და მასობრივი ევაკუაცია
უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ სამი ფრენა გადამისამართდა - აეროპორტის ოფიციალური განცხადება
უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ სამი ფრენა გადამისამართდა - აეროპორტის ოფიციალური განცხადება
პერიოდული ძლიერი წვიმა და არამდგრადი ამინდი 9 ივლისამდე შენარჩუნდება
პერიოდული ძლიერი წვიმა და არამდგრადი ამინდი 9 ივლისამდე შენარჩუნდება

კილომეტრი
მილი
USD
GEL