Четверг, 15 Октябрь
20°
Скорость ветра:
7 kph, WNW
Давление:
102.00 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
19°
20°
WNW
72 %
7 kph
102.00 kpa
16 km
| 13 Окт | 14 Окт | ||
| 1 USD | 2.5994 | 2.5989 | -0.02% |
| 1 EUR | 2.9066 | 2.9074 | 0.03% |
| 100 RUB | 3.1011 | 3.0926 | -0.27% |
ბრაზილიის ამაზონის რეგიონში ხანძრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, ოქტომბრის პირველ ორ კვირაში 1 679 ხანძარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 253%-ით მეტია.
ხანძრებმა კვამლის სქელი ღრუბლები წარმოქმნა და შტატის სულ მცირე 36 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია. კვამლი ადგილობრივ მოსახლეობას სუნთქვის პრობლემებს უქმნის.
„ჩვენი მდგომარეობა კრიტიკულია“, - განუცხადა Reuters-ს ლუის რიოსმა, ამაზონასის შტატის მუნიციპალიტეტ აუტაზესში მცხოვრებმა ყოფილმა ფერმერმა. მისი თქმით, ღამით სუნთქვა უჭირს, რის გამოც სახე უსივდება.
ჰაერის ხარისხის გაუარესების გამო შტატის დედაქალაქ მანაუსში, სადაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გარე ღონისძიებები გაუქმდა, ოთხშაბათს კი საჯარო სკოლები დაიხურა.
რატომ გახშირდა ხანძრები?
ამაზონში აგვისტო და სექტემბერი, როგორც წესი, მშრალი სეზონის პიკია. ამ პერიოდში ხანძრების კონტროლი რთულდება, ხოლო ოქტომბერში წვიმების დაწყება ვითარების შემსუბუქებას უწყობს ხელს. წელს წვიმები დაგვიანდა.
მეცნიერები და ოფიციალური პირები ხანძრების ზრდის მიზეზებად ელ-ნინიოს, კლიმატის ცვლილებასა და ადამიანის საქმიანობას ასახელებენ. Reuters-ის ინფორმაციით, ელ-ნინიო შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს.
„წყლისა და სითბური სტრესი უკიდურესად ინტენსიურია. ადამიანის საქმიანობასთან ერთად, ეს სახიფათო ვითარებას ქმნის და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, ადამიანების ჯანმრთელობასა და ამ მიწების პროდუქტიულობას“, - განაცხადა კარლოს დურიგანმა, ამაზონის გარემოსდაცვითი კვლევითი ინსტიტუტის გეოგრაფმა და მკვლევარმა.
Reuters-ის ცნობით, ბრაზილიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძრების ნაწილი განზრახ გააჩინეს. ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა ჟოაო პაულუ კაპობიანკუმ ამაზონასის შტატზე გადაფრენისას დაცულ ტყეებშიც შენიშნა ცეცხლის კერები. სამინისტროს შეფასებით, ეს შესაძლოა ტყის გაჩეხვის მიზნით ცეცხლის განზრახ გაჩენაზე მიუთითებდეს. უწყებამ გამოძიების დაწყება დააანონსა.
ამაზონში ხანძრები იშვიათად არის ბუნებრივი წარმოშობის და, როგორც წესი, მიწების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ან მესაქონლეობისთვის გასათავისუფლებლად ჩნდება.
ბრაზილიის ფედერალურმა მთავრობამ და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა შაბათ-კვირას ამაზონასის შტატში ხანძრებთან საბრძოლველად თვითმფრინავები და სპეციალური ბრიგადები გაგზავნეს.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.